X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

14 სექტემბერი 2026

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებისთვის საჭირო საკითხებზე დროული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრების მოადგილეები, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და ფონდის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. იმსჯელეს მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესში არსებულ საკითხებზე, მათი გადაწყვეტის გზებსა და შემდგომ ნაბიჯებზე.

სხდომაზე რამდენიმე პრინციპულ საკითხზე შეთანხმდნენ, რაც შესაბამისი გადაწყვეტილებების დროულად მიღებასა და სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებას შეუწყობს ხელს.

როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებს შორის მჭიდრო კოორდინაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ პროექტების განხორციელებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები დროულად იქნეს მიღებული და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოების დაწყება ოპერატიულად შეძლოს.

„ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო გადაწყვეტილება დროულად მივიღოთ, რათა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება და განხორციელება ოპერატიულად შეძლოს. დღევანდელ შეხვედრაზე რამდენიმე პრინციპულ საკითხზე შევთანხმდით, რაც პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვის შესაძლებლობას მოგვცემს”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

უწყებათაშორისი კომისიის ფორმატში განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კოორდინირებულ მუშაობას განაგრძობენ.